English / ქართული / русский /
სალომე დავითულიანი
საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობის მიკრო და მაკრო ფაქტორები

შესავალი

ტრანსპორტი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, სატრანსპორტო მომსახურების აუცილებლობით ეკონომიკისათვის საერთოდ და, მეორე მხრივ, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით, რაც სატრანზიტო გადაზიდვებისათვის უპირატესობას ქმნის ტვირთნაკადებისათვის აზერბაიჯანის და სომხეთის, ნაწილობრივ, შუა აზიის ქვეყნებისთვისაც.

ტვირთების გადაზიდვის მოცულობა საქართველოში დინამიურად იზრდება, მხოლოდ სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის მოცულობამ 2016 წ. შეადგინა 42 318.9 ათასი ტონა და დაახლოებით ამდენივე მილსადენი ტრანსპორტით ტვირთების გატარებამ[1]. ამასთან, პოტენციალი გაცილებით მაღალია, რის სრულყოფილად ამოქმედებასაც რიგი მიკრო და მაკროფაქტორების სრულყოფილად ამოქმედება განაპირობებს.

* * *

მსოფლიოს ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკის მნიშვნელოვან სფეროს, ტრადიციულად, მომსახურების სფერო წარმოადგენს. ამიტომაცაა, ბოლო წლებში მომსახურების წილი ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტში იზრდება (ცხრ. 1). როგორც მონაცემებიდან ჩანს, მომსახურების წილი საშუალოდ 81%-ზე მეტს შეადგენს. 

ცხრილი 1

განვითარებული ქვეყნების მომსახურების სფეროს

დინამიკა მთლიან შიდა პროდუქტში[2]

ქვეყნები

1970

1980

1990

2000 

2010

 

2013

 

2014

 

2016

 

გერმანია

იტალია

იაპონია

დიდი ბრიტანეთი

აშშ

48%

52%

51%

55%

61%

57%

56%

58%

57%

64%

61%

65%

60%

64%

70%

68%

69%

67%

72%

75%

71%

73%

71%

78%

79%

78%

75%

79%

82%

84%

80%

77%

81%

83%

85%

81%

79%

80%

84%

85%

საშუალოდ

განვითარებული ქვეყნები, %

53%

57%

62%

68%

71%

80%

81%

81,8%

 მაღალკონკურენტუნარიანი და ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნის მომსახურების სფეროს დაბალანსებული განვითარება ამ სფეროს სეგმენტზე, წარმოადგენს ეროვნული ეკონომიკის განვითარების აუცილებელ ფაქტორს. თუ რა განაპირობებს მომსახურების სფეროს განვითარებას მსოფლიოს ქვეყნების სახალხო მეურნეობის სტრუქტურაში გამოყოფენ შემდეგ ფაქტორებს:

_ სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფო რეგულირება;

_ სამეწარმეო სფეროს ტრადიციები;

_ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება;

_ ინტერნაციონალიზაცია და სხვ.

“მომსახურება მოიცავს არაწარმოებით იმ დარგებს, რომლებიც ემსახურებიან უშუალოდ მოსახლეობის მატერიალურ, სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. მომსახურების სფერო, როგორც ფართო გაგებით,  ისე  ვიწრო  გაგებით  არ  ემთხვევა  არაწარმოებით სფეროს”,  აღნიშნავს პროფ. რ. ასათიანი.

ფრანგმა ეკონომისტმა ჟ.ბ. სეიმ მოგვცა “მომსახურების” ფართო ლექსიკონური განმარტება. “მომსახურებას” იგი განსაზღვრავდა როგორც გაცვლას, რომელიც ხდება არა მხოლოდ ადამიანებს შორის, არამედ ადამიანებსა და გარემოს შორის. ხოლო ამერიკელმა მარკეტოლოგმა ფ. კოტლერმა, მარკეტინგის კუთხით, მომსახურებას უწოდა ნებისმიერი ღონისძიება ანუ სარგებელი, რომელსაც ერთი მხარე აწვდის მეორეს, ამასთან იგი უჩინარია, შეუძლებელია მისი შენახვა და წარმოებისაგან განუყოფელია.

მომსახურებისათვის, როგორც ეკონომიკური საქმიანობა, დამახასიათებელია განსაკუთრებული თვისებები და სახეობები. მის კლასიფიკაციას იძლევა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (ВТО), სადაც 183-ზე მეტი სხვადასხვა სახის მომსახურება გაერთიანებულია სექტორებად, რომელთა შორის ერთ-ერთია სატრანსპორტო მომსახურება, რომელსაც ეკონომიკის უაღრესად მნიშვნელოვან საკვანძო სეგმენტს მიაკუთვნებენ. ტერმინი “სატრანსპოტრო” ლათინურია და “transporto” - „გადამაქვს“ გულისხმობს. უწინარესად იგი წარმოადგენს:

- ეკონომიკის დარგს, რომელიც მომსახურებას ახდენს სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით;

- ეკონომიკის დარგი, რომელიც სახალხო მეურნეობის ინფრასტრუქტურას აყალიბებს;

- რთული დარგთაშორისი სისტემაა და საწარმოო ძალების ტერიტორიულ ორგანიზაციაში საკვანძო ადგილი უკავია;

- სახელმწიფოს ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა;

- წარმოებასა და  წარმოებული  პროდუქციის  მოხმარებას  შორის ურთიერთობის უწყვეტი შესრულების ტერიტორიული საშუალებაა;

- საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების საშუალებაა და მისი ამაღლების კატალიზატორი.

ეკონომიკურ საქმიანობაში ტრანსპორტი, ერთი მხრივ, გამოდის როგორც ბაზრის ინფრასტრუქტურული ელემენტები, როდესაც მოსახლეობას უწევს მომსახურეობას, ხოლო მეორე მხრივ, სატრანსპორტო სფერო როგორც საბაზრო ურთიერთობის ელემენტი – გადაადგილებს ნებისმიერ საგანს, ნივთს, ცოცხალ ობიექტს და სხვ. ამდენად, სატრანსპორტო მომსახურება გვევლინება სატრანსპორტო მომსახურების ბაზრად, თავის მხრივ, იგი მოითხოვს შესაბამის ფინანსებს, ინფორმაციას, უფლებებსა და რესურსულ უზრუნველყოფას. სატრანსპორტო მომსახურება, თავისი სპეციფიკური თვისებებიდან გამომდინარე, ქმნის არანივთიერ პროდუქტს. ამასთან, არ ხდება ამ პროდუქტის დაგროვება და დასაწყობება, რთული დასასტანდარტებელია, ხოლო ხარისხის ფიქსაცია შეუძლებელი და ნაკლებად დასამტკიცებელი. სატრანსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის არ არის საჭირო საწარმოო ნედლეული, რაც განასხვავებს სხვა სფეროს მომსახურების თვითღირებულების სტრუქტურისაგან. გარდა ამისა, მიწოდების შესაძლებლობა დროსა და სივრცეში ნიველირებისათვის რთულია.

სატრანსპორტო მომსახურეობის ბაზრის ძირითადი ნიშნები, როგორც სპეციფიკური ეკონომიკური სისტემისა, შემდეგია:

1. სატრანსპორტო მომსახურების ბაზრის შემადგენლობაში შედის: მწარმოებლები, კლიენტები, მიმწოდებლები, შუამავლები, სახელმწიფო, როგორც მოცემული ბაზრის მარეგულირებელი სუბიექტი და სხვ.;

2. სატრანსპორტო სისტემის ბაზრის კომპონენტებისათვის დამახასიათებელია ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, ამასთან, ისინი იმყოფებიან მუდმივ დინამიკაში. მათ შორის ძირითადი კავშირები არსებობს: ა) მატერიალურ რესურსებსა და მიწოდებას შორის; ბ) საფინანსო, როცა ხორციელდება ფულადი რესურსებით ოპერაციები; გ) ინფორმაციული (ინფორმაციის მიწოდება სატრანსპორტო კვანძებს შორის);

3. სატრანსპორტო სისტემის ბაზრის ძირითადი თვისებაა: პირდაპირი და უკუკავშირების სტაბილურობა, ადაპტაცია, თვითორგანიზაცია, არასტაციონალურობა და იერარქიულობა.

როგორც ნებისმიერი ბაზარი, ასევე სამგზავრო სატრანსპორტო სისტემის ბაზარიც ყალიბდება და ვითარდება სხვადასხვა მაკროფაქტორების გავლენით, მათ შორისაა: პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, ეკოლოგიური, ბუნებრივ-გეოგრაფიული, ტერიტორიული, ბუნებრივ-კლიმატური, ტექნოლოგიური.

სატრანსპორტო მომსახურების პროცესი წარმოადგენს ერთ-ერთ ეკონომიკურ საქმიანობასა და რთულ სტრუქტურას. სატრანსპორტო ტექნიკა და ტექნოლოგიური საშუალებები ურთიერთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ასეთი კავშირები ერთი მხრივ, იძლევა სატრანსპორტო სისტემაში მართვის განხორციელებას – საწარმოო სიმძლავრეების ოპერატიული მანევრირებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ სისტემაში კონკურენცია მაღალია, ყოველთვის არსებობს ჭარბი სიმძლავრეები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპორტის ეკონომიკური ეფექტიანობის შემცირება.

ტრანსპორტის სისტემის სივრცობრივი სპეციფიკა, რომელიც მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ დამოკიდებულია ბუნებრივ-კლიმატურ, გეოგრაფიულ, ტერიტორიულ ფაქტორებზე. სატრანსპორტო სისტემის ბაზრის განვითარებაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური და სამართლებრივი ფაქტორები, მაგრამ ისინი ვერ ზემოქმედებენ ბუნებრივ-გეოგრაფიულ და ბუნებრივ-კლიმატურ ფაქტორებზე.

სატრანსპორტო სისტემის საკვანძო ეკონომიკური ფაქტორებიდან გამოიყოფა: ა) მოსახლეობის შემოსავლები;  ბ) საგადასახადო  და  ფისკალური  პოლიტიკა; გ) სახელმწიფოს და კერძო ფირმების საინვესტიციო აქტივობა ინფრასტრუქტურაში; დ) ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის არსებობა სატრანსპორტო სისტემაში; ე) საცხებ-საწვავის ბაზრის მდგომარეობა და ფასწარმოქმნა; ვ) მომსახურების შრომის ღირებულება; ზ) კონკურენციის დონე და სხვ.

სამგზავრო სატრანსპორტო სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამებთან, აგრეთვე ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, როგორიცაა: პროგრამული კონტროლი, ტექნიკისა და სიმძლავრეების ოპტიმალური განაწილება, კომფორტული სამგზავრო ტრანსპორტი და სხვ.

ზემოთ აღნიშნული მაკრო გარემო ფაქტორები თავის მხრივ, გავლენას ახდენს საერთო სატრანსპორტო სისტემის მიკროგარემოზე. მიკროგარემოს ფაქტორებია: სამგზავრო სატრანსპორტო მიწოდება; სამგზავრო ტრანსპორტის მომსახურების ბაზარზე კონკურენცია; მოსახლეობის კერძო ტრანსპორტი; მომხმარებლები (ფიზიკური და იურიდიული პირები); ძირითადი ინფრასტრუქტურა (საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები, სალიზინგო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, აუტსაიდერი კომპანიები, სარეკლამო და მარკეტინგული კომპანიები); ინსტიტუტები (მომსახურების ბაზრის ოპერატორთა გაერთიანებები, მგზავრთა გადაყვანის არასახელმწიფო ორგანოები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოები; საფინანსო ინსტიტუტები და სხვ.); სახელმწიფო ორგანოები (სატრანსპორტო მომსახურების მარეგულირებელი სტრუქტურები, საგადასახადო ორგანოები, ფასწარმოქმნის რეგულირების ორგანოები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა ფაქტორი გავლენას ახდენს სატრანსპორტო ბაზრის ორ საკვანძო მხარეზე როგორც მოთხოვნაზე, ისე მიწოდებაზე და შედეგად, ერთიან სატრანსპორტო სისტემის მთელ სახალხომეურნეობრივ ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, რომელთა განსაზღვრა ხდება ეფექტიანის სხვადასხვა კრიტერიუმებით როგორც სამგზავრო გადაყვანების, ისე ტვირთების გადაადგილების დროს. შესაბამისად, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას. 

დასკვნა

საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ამოქმედებისათვის საჭიროა ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუმჯობესება, როგორებიცაა საბაზრო ინფრასტრუქტურა, ფულად-საკრედიტო სისტემა და პოლიტიკა, საგადასახადო გარემო და სამეურნეო კანონმდებლობის სამართლიანობა და ოპერატიულობა, ხოლო მიკროეკონომიკური ფაქტორებიდან მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომების და ინფორმაციის ავტომატური, მექანიზებული დამუშავების დანერგვა, პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის სრულყოფა, მოწინავე და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებას. საქართველო საზღვაო ქვეყანაა, თუმცა იმ გამონაკლისი ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ გააჩნია და საზღვაო ტრანსპორტი მხოლოდ საზღვაო პორტებით შემოიფარგლება. ფლოტის ჩამოყალიბებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩართვა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2017. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თბილისი, 2017. გვ. 195.
  2. შედგენილია: IMF/International Monetary Fund [URL]. – httt://www. imf.org/en/data 29.11.2016.
  3. Васильева О.Е. Эффективность сервисного обслуживания продукции. М.: Экономика, 2007. с. 16.
  4. Балаева О., Предводителева М. Сфера услуг в мировой экономике. тенденции развития // Мировая экономика и международные отношения. 2007. № 3.